ევოლუციური თეორია
ევოლუციური თეორიის თანახმად, ცოცხალ ორგანიზმთა დღეს არსებული და უკვე გადაშენებულიყველა სახეობა სიცოცხლის მარტივი ფორმებიდან განვითარდა. სიცოცხლის უმარტივესი ფორმები თავდაპირველად სამ მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ გაჩნდნენ დედამიწაზე.
ევოლუცია ძალზე ნელა მიმდინარეობს, მილიონობით წლის განმავლობაში.
ჩარლზ დარვინმა პირველმა წამოაყენა იდეა (1856 წელს), რომ ევოლუციის მამოძრავებელი ძალა არის ბუნებრივი გადარჩევა. ამ მოსაზრებას თანამედროვეები ოპოზიციურად შეხვდნენ, ნაწილობრივ, იმის გამო, რომ წამოყენებული იდეა ეწინააღმდეგებოდა ეკლესიურ სწავლებას. დარვინის მოსაზრებები ეყრდნობოდა ნამარხების და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოსახლე ორგანიზმების გულმოდგინე კვლევის შედეგებს.
ბუნებრივ გადარჩევას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ ბუნებაში ის ორგანიზმები გადარჩებიან, რომლებიც ყველაზე ძლიერი და უკეთ შეგუებული იქნებიან გარემოსთან, სუსტები კი იღუპებიან. ამას სხვაგვარად უკეთ შეგუებულთა გადარჩენას უწოდებენ.
სახეობის შიგნით ორგანიზმები დიდი ნაირსახეობით გამოირჩევიან, რაც განპირობებულია მათი გენებით.
მრავალი ორგანიზმი იღუპება მტაცებლის თავდასხმის, ავადმყოფობის და კონკურენციის გამო.
გადარჩენის მეტი შანსი აქვთ იმ ინდივიდებს, რომლებიც უკეთ "მორგებული" იქნებიან გარემოსთან.
ასეთები შეწყვილდებიან (ეჯვარებიან ერთმანეთს) და გადასცემენ გენებს შემდგომ თაობებს. მათ შთამომავლობაშიც ბევრი აღმოჩნდება სასარგებლო ნიშნების მატარებელი.
წლების განმავლობაში სასარგებლო ნიშნები ვრცელდება.
ქვემოთ, სქემაზე გამოსახულია ცხენის ევოლუციური განვითარების გზა, რომელიც მცირე ზომის ძაღლის მსგავსი ორგანიზმიდან იწყება. ეს პატარა ცხოველი, სავარაუდოდ, რბილ, ჭანჭრობიან ადგილებში სახლობდა და ნაზი მცენარეული საკვებით იკვებებოდა.
შემდეგ მისი კბილები უფრო დიდი და მაგარი გახდა და რადგან უკვე ღეჭვა შეეძლო, ბალახით კვებაზე გადავიდა.
ტერფებზე მას ჩლიქები გაუჩნდა, რაც მოსახერხებელი იყო მშრალ მიწაზე სწრაფი სირბილისთვის, ხოლო ფეხების ძვლები დაუგრძელდა და უფრო მკვრივი გახდა.
 
არსებობს სხვა თეორიებიც ორგანიზმთა მრავალფეროვნების ასახსნელად.
ლამარკი იყო მეცნიერი, რომელიც 1800–იან წლებში მოღვაწეობდა. მისი აზრით, ორგანოები იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ მათ ხშირად იყენებენ. იგი ფიქრობდა, რომ ჟირაფს გრძელი კისერი იმიტომ აქვს, რომ მას ხშირად ჭიმავს, რათა ხის კენწეროზე არსებულ ფოთლებს მიწვდეს. იგი მიიჩნევდა, რომ ორგანიზმი ყველა თავის ნიშან–თვისებას გადასცემს შთამომავლობას. შესაბამისად, გრძელკისერა ჟირაფებს შთამომავლობაც გრძელკისერა ეყოლებათ.
სხვები ფიქრობდნენ, რომ სახეობები ღმერთმა შექმნა. ზოგიერთი იცავდა მოსაზრებას, რომ სახეობები სპონტანურად წარმოიშვნენ.
ორგანიზმები გადაშენდებიან (ამოწყდებიან), თუკი ვერ შეეგუებიან გარემოს ცვლილებებს, როგორიცაა: კლიმატური ცვლილებები, ახალი მტაცებლების გამოჩენა ან დაავადებების გავრცელება, რესურსებისათვის კონკურენციის გამძაფრება და სხვა.
ევოლუციის ძირითადი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ სახეობები უკეთ შეგუებული ხდებიან გარემოს ცვლილებებთან, რაც მათ გადაშენებისგან იცავს. |